მთის ტრასების სააგენტო საფრანგეთის კურორტებთან ითანამშრომლებს

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური. ზამთრის სეზონი
გუდაური. ზამთრის სეზონი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2026
გამოწერა
სააგენტოსა და ფრანგულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „მთის ტრასების სააგენტო" საფრანგეთის სამთო კურორტებთან თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს.
შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის" გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო ინიციატივასა და საინტერესო ჩარჩოს. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე ტურისტებისა და მგზავრების მიმოცვლას. საინტერესო იქნება ჩვენთვის ფრანგი ტურისტების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება საფრანგეთში ვიზიტი, ,,გრან მასიფის" კურორტებზე სრიალი", - განაცხადა ლევან დარსალიამ.
კერძოდ, თანამშრომლობა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურორტების მართვის, ტექნიკური ოპერაციების, უსაფრთხოების, მარკეტინგისა და კომერციული საქმიანობის მიმართულებით.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ მიზნით დაგეგმილია ორმხრივი სამუშაო და სასწავლო ვიზიტები, პროფესიული შეხვედრები და თანამშრომელთა გადამზადება.
სააგენტოში ფიქრობენ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებასა და საქართველოს სამთო კურორტების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
„გრან მასიფი“ (Grand Massif) საფრანგეთის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო არეალია, რომელიც ხუთ კურორტს - Flaine-ს, Les Carroz-ს, Morillon-ს, Samoëns-სა და Sixt-ს აერთიანებს.
"მთის ტრასების სააგენტო" (MTA) მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს ოთხ მთის კურორტზე: გუდაურში (კობისა და გუდაურის სასრიალო არეალები), ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალები), მესტიასა (ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები) და გოდერძიზე.
ყველა ახალი ამბავი
0