კობახიძე მადიარის მიწვევით ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2026
გამოწერა
ოფიციალურ მოწვევაში მადიარმა ხაზი გაუსვა 1956 წლის რევოლუციის ისტორიულ მნიშვნელობას ცენტრალური ევროპისთვის და მის როლს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება.
ოფიციალურ მოწვევაში მადიარმა ხაზი გაუსვა 1956 წლის რევოლუციის ისტორიულ მნიშვნელობას ცენტრალური ევროპისთვის და მის როლს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, – აღნიშნულია პეტერ მადიარის ოფიციალურ მოსაწვევ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0