ჯანსაღი კრიტიკა მოგვენატრა: მათიკაშვილი საქართველოში ოპოზიციის როლის შესახებ

© courtesy of David Matikashviliდავით მათიკაშვილი
დავით მათიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2026
გამოწერა
მათიკაშვილის თქმით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდება და არა — სახელმწიფოსა და საზოგადოებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 21 ოქტომბერს გაიმართა. სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
„ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ოპოზიციას, რომელიც არა სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას ედგება ოპოზიციაში. მონატრებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მათიკაშვილმა ტელეარხ „რუსთავი2“-ის ეთერში გადაცემა „ღამის კურიერში“.
კითხვაზე, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი განსხვავებულ გადაწყვეტილებებს ცალკეულ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებით, მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული.
მისი შეფასებით, სარჩელი სრულად არის გამყარებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ხოლო მისი სრულად დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო პრაქტიკას.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლისგან შედგება და მათი გადასაწყვეტია ეს საკითხი“, - აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლო გავლენაზე საუბრისას, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაერთხელ მიუღია კრიტიკა და ისეთი რეზოლუციები, რომლებიც — მისი აზრით — უსაფუძვლო ბრალდებებს ეფუძნება.
მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი განაგრძობს „ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის“ პრინციპის მტკიცედ დაცვას, ხოლო მისი მთავარი პრიორიტეტი კვლავაც ქართული საზოგადოების ნდობა რჩება.
„თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გერმანიაში, თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვაა შესაძლებელი უკრაინაში, მოლდოვაში, თუ ამ ყველაფერს ევროკომისრები დემოკრატიის წინსვლად აფასებენ და აქებენ, საქართველოში "რუსულ კანონს" ვიღებთ ისევ?“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან თავისი საქმიანობის წყალობით მოსახლეობის ნდობით სარგებლობს.
„ჩვენ ვერ გავფლანგავთ ვერც ერთი ფოჩიანი კანფეტის და წითელი ხალიჩის გამო, რაზედაც სიარულის სანაცვლოდ ქვეყნის დანგრევისკენ გვიბიძგებდნენ“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
პირველი სხდომა რვა საათს გაგრძელდა. მხარეებმა წარადგინეს შუამდგომლობები, სხდომა დასრულდა მრავალრიცხოვანი საპროცესო მიმართვების შემდეგ. პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევეს.
სხდომას ხუთიდან მხოლოდ ოთხი პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ - „ფედერალისტებმა" საქმის მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
სარჩელის განხილვას სამი დღე უნდა დაეთმოს. ხუთშაბათს სასამართლო გააგრძელებს შუამდგომლობების განხილვას, მათ შორის „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „საქართველოსთვის“ მიმართვებს.
ყველა ახალი ამბავი
0