საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ სარჩელს საფუძვლად უდევს საპარლამენტო კომისიის თითქმის 500-გვერდიანი დასკვნა.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა 21, 22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.
საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა:
1.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; 2.
„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; 3.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“; 4.
„ფედერალისტური პარტია“; 5.
„გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სარჩელი №1979 საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ არის შეტანილი. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7-კაციანი პლენუმი. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, „ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება“.
სარჩელის მიხედვით, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით ასევე დამატებით აქტუალურია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონსტიტუციური საფუძვლები.
ასევე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოპასუხე პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს და მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი (კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე).
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
შედეგები
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში.
დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.