რუსთავში მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოში შევიდა შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ ძაღლი 8 ოქტომბერს რუსთავში, ლეონიძის სკვერში იპოვა, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში. ამასთან, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ძაღლის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა დაავადება ცოფი.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას - ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები:ზოოპლაზა - თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი - მიცკევიჩის 70 და რუსთავი - ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0