„მთის ძაღლი": თელავმა ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა

ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
დღეს ექსპერტების მონაწილეობით კონგრესი გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ქართული მთის ძაღლის ჯიშად საერთაშორისო დონეზე აღიარების საკითხი იქნება.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თელავში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალი სახელწოდებით „მთის ძაღლი“ გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც 16-18 ოქტომბრის პერიოდში გაიმართა, საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი ჯიშიანი ძაღლები მონაწილეობდნენ.
გამოფენაზე, რომელსაც ურუგვაელი, პორტუგალიელი და სერბი ექსპერტები ესწრებოდნენ, ყურადღების ცენტრში ქართული მთის ძაღლი და უძველესი სანადირო ჯიში - მეკვერნე მოექცა.
დღეს, 19 ოქტომბერს კი თელავში ექსპერტების მონაწილეობით კონგრესი გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ქართული მთის ძაღლის ჯიშად საერთაშორისო დონეზე აღიარების საკითხი იქნება.
საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა-ფესტივალი თელავში 2017 წლიდან იმართება. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კინოლოგთა ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული პროექტი ქართული ჯიშების იდენტობის დაცვასა და მათ საერთაშორისო ბაზარზე გაყვანას ისახავს მიზნად.
ქართული მთის ძაღლები დიდტანიან მოდარაჯეთა ჯიშს განეკუთვნებიან. მათი ისტორია უძველესი დროიდან მოდის. ამ ჯიშის ძაღლებს ისტორიულად ცხვრის ფარების მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ.
ქართული მთის ძაღლები უცნობებისადმი აგრესიული არიან, მაგრამ პატრონის, ოჯახის წევრების, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისადმი ერთგულებითა და კეთილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
ისინი კარგად იტანენ ნებისმიერ ამინდს, მათ შორის მთის ცივ კლიმატს. დღეს ქართული მთის ძაღლი მთელ საქართველოშია გავრცელებული. ქართული კინოლოგიური ფედერაცია რეგულარულად მართავს ამ ჯიშის ძაღლების გამოფენას.
ყველა ახალი ამბავი
0