„დემოკრატია“ თუ ძალადობა? მაკრონს თბილისის აქციებზე გაკეთებული განცხადებები შეახსენა

© Courtesy of Levan Machavarianiლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
მაჭავარიანის თქმით, ბრიუსელის ელიტის გადაწყვეტილებებს ევროპული ქვეყნები ცხოვრების გაძვირებამდე, სოციალურ პრობლემებამდე, დეინდუსტრიალიზაციამდე და უმუშევრობის ზრდამდე მიჰყავს.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბრიუსელი და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები საქართველოში მხარს უჭერდნენ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს და მათ დემოკრატიის გამოვლინებად წარმოაჩენდნენ, ახლა კი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გმობენ ძალადობას, ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ პარიზში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მაჭავარიანმა ერთმანეთს შეადარა ემანუელ მაკრონის განცხადებები პარიზსა და თბილისში გამართული საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. 18 ოქტომბერს მაკრონმა დაგმო პარიზში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობის მასობრივი გამოვლინებები და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ყველა მოქმედი პირი დაისჯება. 2024 წლის დეკემბერში კი პირიქით, საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, საფრანგეთის ლიდერმა შეშფოთება გამოხატა ქართველი ძალოვანების ქმედებებზე და განაცხადა „ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ სასტიკი რეპრესიების“ შესახებ.
„როდესაც ჩვენს ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად“ გვასაღებდნენ. მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა და აგენტურის მმართველობაში მოყვანა იყო. ხოლო როდესაც ასეთივე „დემოკრატიული“ მიტინგები თავად მიიღეს, ამას უკვე თავისი რეალური სახელი - ძალადობრივი აქციები - დაარქვეს“, - დაწერა მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში.
დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა ევროპელი ლიდერების პოლიტიკა ენერგეტიკის, მიგრაციის, უკრაინის მხარდაჭერისა და აშშ-სთან ურთიერთობების სფეროში. მისი თქმით, ბრიუსელის ელიტის გადაწყვეტილებებს ევროპული ქვეყნები ცხოვრების გაძვირებამდე, სოციალურ პრობლემებამდე, დეინდუსტრიალიზაციამდე და უმუშევრობის ზრდამდე მიჰყავს.
„რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელი და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ლიდერები არ ატარებენ ევროპელი ხალხის ინტერესებს. ე.წ. „დიფ სთეითის“ დავალებების შესაბამისად, ისინი ხელოვნურად უქმნიან ევროკავშირსა და თავიანთ ქვეყნებს პრობლემებს“, -აღნიშნა დეპუტატმა.
მაჭავარიანმა ასევე განაცხადა, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ქმნის პრობლემებს უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობის სფეროში, ხოლო ულტრამემარცხენე, მისი განმარტებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება საფრთხეს უქმნის ევროპელების პიროვნულ და რელიგიურ იდენტობას.
„ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება. LGBT პროპაგანდა, რომლის დღის წესრიგიც დღეს უკვე არამხოლოდ ორიენტაციის შეცვლას, არამედ სქესის შეცვლასაც ეფუძნება, ქმნის პრობლემებს პიროვნული იდენტობის კუთხით“, განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობების გაუარესებაზე და მაგალითად მოიყვანა აშშ-ის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც, მისი თქმით, ბრიუსელის ელიტის პოლიტიკა განხილულია, როგორც ევროკავშირის „ცივილიზაციურ უფსკრულამდე“ მიმყვანი.
დასასრულს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი ხალხები არ მისცემენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას უფლებას, გააგრძელოს დღევანდელი პოლიტიკური კურსი.
ყველა ახალი ამბავი
0