სოხაძე: სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში სოფლებში დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რევაზ სოხაძე
რევაზ სოხაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
სამინისტროს უკვე აქვს კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და განსაზღვრულია ადგილები, სადაც მოდულური სკოლების მოწყობის პირველი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად, დაახლოებით 10 ასეთი სკოლის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც პროექტი გაგრძელდება.
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. იმ მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც საჯარო სკოლების მშენებლობა ან სრული რეაბილიტაცია იგეგმება, დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.
მინისტრის თქმით, მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში.
„ჩვენ დავიწყეთ სკოლების ტიპური პროექტების შექმნა — ამჟამად 10-მდე ასეთი მოდელი მუშავდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ, მაგალითად, 500-ბავშვიანი სკოლის აშენების საჭიროებისას, დაპროექტებაზე ერთი წელი კი არ დავკარგოთ, არამედ ორ-სამ თვეში მოვარგოთ მზა პროექტი კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და მშენებლობა დაუყოვნებლივ დავიწყოთ“, — აღნიშნა სოხაძემ „ღია ეთერში“.
მინისტრის განმარტებით, ტიპური პროექტების გამოყენება სამინისტროს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკოლების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები უფრო მოკლე ვადებში განახორციელოს.
როგორც სოხაძემ აღნიშნა, მოდულური სკოლების შესყიდვის გადაწყვეტილება განათლების სამინისტროსთან ერთად მიიღეს და მიზანი „ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილი სასწავლო სივრცეების შექმნაა".
მოდულური სკოლა
პროექტი ითვალისწინებს ექსპლუატაციისთვის მზა სასკოლო მოდულების შეძენასა და საჭიროების მიხედვით მათ ადგილზე მონტაჟს. შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურაც.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში, 750-მდე მოდულის შესყიდვა - 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.
საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები.
მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება საჭიროების შესაბამისი ზომისა და დაგეგმარების ერთიანი სასკოლო სივრცის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი განსხვავებული კონფიგურაციითა და ორ სართულად განთავსებაც.
ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი - კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.
მსგავსი მოდულური დროებითი სასწავლო სივრცეების გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც დროებითი სასწავლო სივრცეების სწრაფად მოწყობის საჭიროება დგება.
ყველა ახალი ამბავი
0