ფრთხილად! ბანკირები მოქალაქეებს კიბერთაღლითობის ახალი სქემის თაობაზე აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითები პოტენციურ მსხვერპლს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მის სახელზე უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ბანკების ასოციაცია მოქალაქეებს საქართველოში ფინანსური თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს, რომლის ფარგლებშიც ბოროტმოქმედები ბანკის სახელით მოქმედებენ, ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კიბერთაღლითობის ახალი სქემის თანახმად, თაღლითები პოტენციურ მსხვერპლს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მის სახელზე უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს არ იცნობს და სესხის გაცემაზე თანხმობას არ აცხადებს, მას კვლავ უკავშირდება სხვა პირი, რომელიც თავს ბანკის წარმომადგენლად ასაღებს.
თაღლითი მომხმარებელს საბაბით ე.წ. „უსაფრთხოების პროცედურების“ გავლისკენ მოუწოდებს და პერსონალური და საბანკო მონაცემების, მათ შორის, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას სთხოვს.
შედეგად, მომხმარებელი თავად გადასცემს თაღლითს პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ციფრულ არხებში შესასვლელ ინფორმაციას, რის შემდეგაც თაღლითები მის სახელზე ონლაინ-სესხს აფორმებენ და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.
როგორც ასოციაციაში აღნიშნეს, თაღლითების მსხვერპლად გახდომის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
დაიმახსოვრეთ: ბანკის წარმომადგენელი არასდროს დაუკავშირდება ბანკის მომხმარებელს და არ სთხოვს ტელეფონით პერსონალური, კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი და SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი;
არასოდეს გაუზიაროთ სხვებს ინტერნეტბანკსა და მობილბანკში შესასვლელი მონაცემები ან საბარათე ინფორმაცია, მათ შორის ბარათის სრული მონაცემები და უსაფრთხოების კოდი;
არასდროს მიჰყვეთ უცნობის ზარს, SMS-ს თუ ნებისმიერი სოციალური მედიის არხით მოწოდებას გადახვიდეთ მავნე ბმულზე, გააზიაროთ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები;
ყოველთვის ისარგებლეთ საბანკო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდით და მასზე არსებული საკონტაქტო არხებით დაუკავშირდით;
თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები თაღლითს გაუზიარეთ ან საეჭვო ვებგვერდზე შეიყვანეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მომსახურე ბანკს, აცნობეთ მომხდარის შესახებ და იმოქმედეთ ბანკის მითითებების შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0