ანაკლიის პორტის სარკინიგზო პროექტის ზედამხედველობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

© courtesy of Anaklia Portანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის ინტერესთა გამოხატვა ოფიციალურად გამოაცხადა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში იგეგმება 17,4 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სარკინიგზო სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში დაინტერესებულ საკონსულტაციო კომპანიებს განაცხადის წარდგენა 2026 წლის 17 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ახალი მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ქვეყნის არსებულ ცენტრალურ სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს.
აღნიშნული შესყიდვა და ინტერესთა გამოხატვის პროცესი ხორციელდება მსოფლიო ბანკის (World Bank) წესებისა და პროცედურების სრული დაცვით, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი 18 კმ-მდე რკინიგზის მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა 10 ოქტომბერს გამოაცხადა.
მთავრობის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება წამყვანი კერძო ინვესტორის გარეშე, ხოლო სახელმწიფო პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად შეინარჩუნებს. ამჟამად მომავალი პორტის აკვატორიაში მიმდინარეობს ფსკერის დაღრმავების სამუშაოები.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0