ყაველაშვილი: ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და პრიორიტეტია

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცეს.
17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა. ადგილზე ვეტერანებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია, ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია. ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში სამარადჟამოდ უკვდავყოფილია და საპატიო ადგილი უკავიათ იმ გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ვეტერანებზე ზრუნვა, ღირსების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია.
„ხელისუფლების ვალდებულებაა, თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება. ღრმად მწამს, რომ ქვეყანას, რომელსაც ახსოვს საკუთარი გმირები, აფასებს მათ ღვაწლს და იცავს მათ მემკვიდრეობას, მყარი საძირკველი და ნათელი მომავალი გააჩნია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და ერთგულებისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე გამოიჩინეთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვეტერანების გმირობის მაგალითებით მკვიდრდება ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება.
„დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიღეს. გასული წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანების დასაფასებლად, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ: არსებითი ცვლილებები განხორციელდა ფინანსური უზრუნველყოფის მიმართულებით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ვეტერანებმა ყველაზე კარგად იციან ომისა და მშვიდობის ფასი და მნიშვნელობა, მათი ცოდნის გამოყენება, ფასდაუდებელი გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ისტორიული მეხსიერების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბრძოლის ველზე დაღუპულთა ოჯახების ყოველთვიური კომპენსაცია უწყვეტად იზრდება - 500 ლარიდან დაწყებული მხარდაჭერა 2026 წლიდან 1280 ლარს უტოლდება, შშმ ვეტერანთა სოციალური პაკეტი დაახლოებით 150%-ით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიამ კი 22-დან 100 ლარამდე მოიმატა, გარდა ამისა, ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს 800-ლარიანი დახმარება დაუწესდათ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმაც, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობასა და ქვეყნის ისტორიაში ვეტერანების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ჩიქოვანის თქმით, თითოეული ვეტერანი არის განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, რომელიც მისი გამოცდილებით მომავალს აძლიერებს.
„თქვენი თაობების ისტორია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თქვენ ღირსეულად იდექით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, სამშვიდობო მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმძიმეს მომენტებში. თქვენმა გამოცდილებამ და თავდადებამ საფუძველი შეუქმნა დღევანდელ თავდაცვის ძალებს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახალგაზრდა თაობამ ვეტერანებისგან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. მას ქმნიან და იცავენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს არჩევანს აკეთებენ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.
„თქვენი თაობების მხრებზე გადაიარა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესმა პერიოდებმა. თქვენ იბრძოდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ბევრი თქვენი თანამებრძოლი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. მათი სახელებისა და ღვაწლის გახსენება ჩვენი საერთო მოვალეობაა, რადგან ხსოვნა მხოლოდ წარსულის პატივისცემა არ არის. სახელმწიფომ უნდა დააფასოს თქვენი გამოცდილება, იზრუნოს თქვენს საჭიროებებსა და ოჯახებზე და უზრუნველყოს, რომ არცერთი თქვენგანი არ დარჩეს განცდით, თითქოს სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალი სახელმწიფომ დაივიწყა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ვეტერანების გამოცდილება არ უნდა დარჩეს მხოლოდ პირად მოგონებად - იგი ეროვნული გამოცდილების ნაწილია, უნდა გადაიქცეს ცოდნად, მეხსიერებად და მაგალითად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მომავალში მოუწევთ საქართველოსთვის პასუხისმგებლობის აღება.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
ვეტერანის დღე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დამსახურების დაფასებას, მათი ღვაწლის აღიარებასა და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლიერების გამოხატვას ემსახურება.