ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლისგან 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

© Rural Development Agency of Georgiaარასტანდარტული ვაშლის გადამუშავება
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 13 ოქტომბრიდან ამოქმედდა და მისი მიზანი ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობაა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან დღემდე ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 83 ათას ლარს აღემატება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება 13 ოქტომბერს დაიწყო.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აგროსექტორის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრებისა და სექტორის საჭიროებების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელსაც ამოქმედებულიყო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. ამ ეტაპზე, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს როგორც შიდა ქართლის, ისე სხვა რეგიონებში“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.
უწყების ცნობით, პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა საწარმოებმა, პროგრამის ამოქმედების დღიდან, 13 ოქტომბრიდან დღემდე 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.
ყველა ახალი ამბავი
0