კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

© Courtesy of Maia Bitadzeმაია ბითაძე
მაია ბითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
გამოწერა
დაწყებულია ტაძრის კვლევით-სადიაგნოსტიკო პროგრამის შემუშავება და მულტიდისციპლინური კვლევითი სამუშაოების დაგეგმვის პროცესი, აცხადებენ კულტურის სამინისტროში
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მოადგილე თამარ შარაშიძე, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაზა კვიციანი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია), საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ხელმძღვანელი გოჩა აროშენიძე და პროცესში ჩართული მხარეები.
სამინისტროს განცხადებით, ძეგლზე განსახორციელებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით წარიმართება.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება ცნობილ იტალიურ საინჟინრო და სარესტავრაციო კომპანიასთან „სტუდიო ბერლუკისთან“ (Studio Berlucchi) გააფორმა. დაწყებულია ტაძრის კვლევით-სადიაგნოსტიკო პროგრამის შემუშავება და მულტიდისციპლინური კვლევითი სამუშაოების დაგეგმვის პროცესი.
„სტუდიო ბერლუკი“ (Studio Berlucchi) კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის, რესტავრაციისა და ისტორიული ნაგებობების საინჟინრო კვლევების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა. მისი საერთაშორისო პროექტები მოიცავს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკას, ვენეციის თეატრს La Fenice, სიენის საკათედრო ტაძარს, აზერბაიჯანში შირვანშაჰებისა და შექის სასახლეებს, თურქეთის დივრიღის ისტორიულ კომპლექსს, ასევე, გელათის სამონასტრო კომპლექსს, სადაც კომპანია კონსერვაციის პროგრამის სამეცნიერო ზედამხედველობასა და კოორდინაციას ახორციელებდა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0