მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიზანია ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
„შუა დერეფნის“ განვითარება ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და ეკონომიკური კავშირების გაფართოებას მოითხოვს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მიზანია ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც ნდობასა და საიმედოობაზეა დაფუძნებული — არა მხოლოდ კრიზისულ პერიოდში, არამედ სტაბილურობის პერიოდში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ დაბიში გამართულ კონფერენციაში, Raisina Middle East-ში მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე – „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“.
„ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება – არა მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში, არამედ სტაბილურ პერიოდებშიც“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა და სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული ეკონომიკური პარტნიორობა ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.
„საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა გეოპოლიტიკურად მეტად სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს სცდება და ხელს უწყობს რეგიონული ურთიერთქმედების განვითარებას.
„ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა უდავოდ სცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და გავლენას ახდენს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს ორივე რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია, ხოლო მათ შორის კავშირები დიდ მნიშვნელობას იძენს როგორც ფართო რეგიონული, ისე, შესაძლოა, გლობალური თანამშრომლობის ჭრილშიც“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „შუა დერეფანს“, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებთან აკავშირებს და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო კავშირებს აძლიერებს.
„დღეს საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას აკავშირებს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებთან, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ ჰაბად ჩამოყალიბებას ხელი ვერ შეუწყო. მიუხედავად ამისა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს არაერთი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტის განხორციელება, რომლებიც დღეს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია.
„ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება მდგრადობის მიღწევის გზა არ არის. სწორედ ამიტომ აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი თანამშრომლობის განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, რიმ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი, ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი მანიშ ტევარი, იორდანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ბიშერ ალ-ხასავნე.
სესიას მოდერაციას უწევდა „აზია ჯგუფის“ (The Asia Group) პარტნიორი და თავმჯდომარე აშოკ მალიკი.
ღონისძიება არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის ორგანიზებით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0