ანა ურუშაძის „მეორეხარისხოვანი როლი" ევროპული კინოპრემიის შორტ-ლისტში შევიდა

© Courtesy of Ana Urushadzeანა ურუშაძის ფილმი „მეორეხარისხოვანი როლი"
ანა ურუშაძის ფილმი „მეორეხარისხოვანი როლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის დასაწყისში როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორ ანა ურუშაძის ფილმი „მეორეხარისხოვანი როლი" (Supporting Role), რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ევროპული კინოაკადემიის 39-ე დაჯილდოების ცერემონიის შორტ-ლისტში შევიდა.
ევროპული კინოპრემია (ევროპული კინოაკადემიის ჯილდო) მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროპული კინოს სამყაროში, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს ინდუსტრიის გამორჩეულ ნამუშევრებსა და პროფესიულ მიღწევებს.
„ვულოცავთ ანა ურუშაძეს და მთელ შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ წარმატებებს!“ - ნათქვამია ქართული კინოცენტრის განცხადებაში.
„მეორეხარრისხოვანი როლის“ მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 3 თებერვალს შედგა. იგი პირველად აჩვენეს ნიდერლანდებში, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის (IFFR 2026) მთავარ საკონკურსო პროგრამაში (Tiger Competition). ფესტივალზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.
აღნიშნული ფილმი ანა ურუშაძის 2017 წლის სადებიუტო ფილმ „საშიში დედის“ წარმატებას აგრძელებს - „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმის პრიზის მფლობელი გახდა, მოგვიანებით კი სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის Discovery Award-ზე და წარდგენილი იყო „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით.
„მეორეხარისხოვანი როლი“ საქართველოს, ესტონეთის, თურქეთის, შვეიცარიისა და აშშ-ის ერთობლივი კოპროდუქციაა. ფილმში მონაწილეობენ დათო ბახტაძე, ნატა მურვანიძე, ელენე მაისურაძე, ირაკლი კვირიკაძე, ზურაბ სტურუა, ეკა დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე, ნინო კასრაძე, დავით დვალიშვილი, ლაშა მებუკე და მურმან ჯინორია.
ფილმი მოგვითხრობს წარსულში ცნობილი ქართველი კინოვარსკვლავ ნიაზ ნინუას შესახებ, რომელიც წლების შემდეგ თანხმდება ახალგაზრდა ქალი რეჟისორის სადებიუტო ფილმში მეორეხარისხოვან როლზე. რეჟისორთან სინჯებზე ვიზიტი მისთვის საბედისწერო ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0