თბილისის ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringer„პურის ფესტივალი"
„პურის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პურის ცხობის მასტერკლასები, შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, მოეწყობა მეწარმეთა სივრცე და ცოცხალი მუსიკალური პროგრამა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 17-18 ოქტომბერს ტრადიციული „პურის ფესტივალი" გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პურის ფესტივალი", რომელიც ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, პურის ცხობის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნება, მეშვიდედ ჩატარდება.
ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებს, ბოტანიკური ბაღის მარცვლოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთსა და პურის ცხობის უძველეს ტრადიციებს.
„ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი, მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ქართული აგროკულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემას“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალმა წელს საერთაშორისო კონკურსზე Acanthus Prize-ის უმაღლესი - ოქროს ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში "საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება". ჯილდოს საერთაშორისო გაერთიანება „ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი“ (ERHG) გასცემს.
„აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს ფესტივალის მნიშვნელობას ქართული ხორბლისა და ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის „პურის ფესტივალი“ 2018 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.
ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, მოეწყობა მეწარმეთა სივრცე და ცოცხალი მუსიკალური პროგრამა.
ყველა ახალი ამბავი
0