საქართველოსა და საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ თანამშრომლობის გაფართოების შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში მოაწერეს ხელი.
უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ცენტრალურ ბანკს შორის ფინანსური და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერებას, ცენტრალური ბანკინგის სფეროში ინფორმაციისა და ექსპერტიზის გაცვლას და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
„ეს მემორანდუმი ქმნის საფუძველს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ცენტრალური ბანკინგის, ზედამხედველობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ექსპერტიზის გაცვლისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც იგი გვთავაზობს საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის“, – აღნიშნა თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები, სექტორის მდგრადობისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო. მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) განვითარებაზე.
როგორც შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ აღნიშნა, მემორანდუმი ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს, რომელიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 12-18 ოქტომბერს იმართება.
ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
ყველა ახალი ამბავი
0