რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კორპუსი შეემატება

© photo: Sputnikრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
პროექტი ითვალისწინებს ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსის მშენებლობასა და მის ინტეგრაციას არსებულ 12-სართულიან შენობასთან.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, სადაც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება, იუწყება საქართელოს ჯანდაცვის სამინისტრო.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გამოცხადდა.
„ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, სამინისტრომ ხელშეკრულება საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან გააფორმა - შერჩეულ საერთაშორისო კომპანიას სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", ნათქვამია განცხადებაში.
პროექტი ითვალისწინებს ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსის მშენებლობასა და მის ინტეგრაციას არსებულ 12-სართულიან შენობასთან, სადაც საოპერაციო, რეანიმაციული, რადიოლოგიური და გადაუდებელი დახმარების ბლოკები განთავსდება.
ახალ კორპუსში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კომპლექსური სამედიცინო მომსახურების მიმართულებები, მათ შორის: საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის დეპარტამენტი, ინტენსიური თერაპია, გადაუდებელი დახმარება (ER), რადიოლოგიის დეპარტამენტი.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, აღნიშნული სერვისები არსებული შენობიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში გადაინაცვლებს. რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, პარალელურად იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობების განახლებაც.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
ყველა ახალი ამბავი
0