დეპუტატი: ვენეციის კომისია მანდატის ფარგლებს გასცდა

არჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2026
გამოწერა
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, დასკვნა არ შეიცავს იურიდიული სახის შენიშვნებს და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველს წარმოადგენს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ვენეციის კომისია საკუთარი მანდატის ფარგლებს გასცდა და თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მიმდინარე კვირაში ვენეციის კომისიმ გამოაქვეყნა კრიტიკული დასკვნა საქართველოში 2026 წელს „უცხოური გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში უცხოური დაფინანსების შეზღუდვას ეხება.
„მაშინ, როცა ვენეციის კომისია მაღალი რეპუტაციით გამოირჩეოდა წარსულში, ჩვენ არაერთხელ გვითანამშრომლია მათთან, მაგრამ ისინი საერთოდ გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, თავიანთი მანდატიდან და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს იღებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ვენეციის კომისია მხოლოდ იურიდიული საკითხებით უნდა დაკავდეს.
„არავინ ეკითხება ვენეციის კომისიას, როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი ან გარემოა ქვეყანაში ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: მათი ფუნქციაა, რომ სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონი ან კანონთა პაკეტი", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დასკვნა არ შეიცავს იურიდიული სახის შენიშვნებს და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველს წარმოადგენს.
„ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ პარლამენტმა არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების, ანუ იმათი მონაწილეობა, ვისაც ეს კანონი უშუალოდ ეხება, რაც აბსოლუტური სიცრუეა. კომიტეტის ყველა სხდომა ღიაა, ყველას აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, დაესწროს კომიტეტის სხდომას და ამავდროულად გამოხატოს თავისი პოზიცია“, — განაცხადა გორდულაძემ.
რა წერია დასკვნაში
ვენეციის კომისია რეკომენდაციაა „უცხოური გრანტების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების გადახედვა, რამეთუ ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა მოკლებულია სამართლებრივ განსაზღვრულობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ძირითადი ცნებები ფორმულირებულია გადაჭარბებულად ფართოდ და ბუნდოვნად.
„ეს ქმნის გაურკვევლობას იმ პირთა მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შეზღუდვები, და ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. ეს ცნებები საჭიროებს დაზუსტებასა და მკაფიო, შეზღუდულ განმარტებას“, — ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
კომისიის მოსაზრებით უნდა გადაიხედოს „უცხოური გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების მიდგომა. მსგავსი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს კონკრეტული შემთხვევებით, რომლებშიც სისხლისსამართლებრივი სასჯელი იქნება დარღვევის თანაზომიერი.
„ეს კანონი ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წესრიგი და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, განსახილველი კანონი შეიცავს რისკს, რომ ძირფესვიანად შეარყიოს ისინი“, — აღნიშნულია დასკვნაში.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში საკანონმდებლო პროცესი სათანადოდ ინკლუზიური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი აღიარება.
„საკანონმდებლო პროცესი უნდა წარიმართოს დებატებისა და დისკუსიების ატმოსფეროში, გარდა დაჩქარებული პროცედურებისა, რაც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას და საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას“, - დაასკვნა კომისიამ.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებები, რომლებიც პარტიების აკრძალვას და მათი წევრების პოლიტიკურ ცხოვრებაში შემდგომი მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, ძალიან მკაცრია და არ არის ნაკარნახევი „პოლიტიკური აუცილებლობით“.
„საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის, გარკვეული სანქციები პარტიის იმ წევრების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ სისტემას, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ გარემოებებში — კერძოდ, როდესაც დემოკრატიას სჭირდება საკუთარი თავის დაცვა, — და მხოლოდ კანონიერი მიზნებისა და თანაზომიერების მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად“, — აღნიშნულია დასკვნაში.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ცვლილებები არათანაზომიერ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ თავისუფლებებზე და, კერძოდ, ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას, ასევე ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.
ყველა ახალი ამბავი
0