ქვრივიშვილი: საქართველო ცდილობს შეუერთდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სატრანსპორტო დერეფანს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
გამოწერა
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გეგმავს გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი ლოჯისტიკური მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და ტაშკენტთან ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა ქვრივიშვილისა და უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, რომ შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე ინვესტიციების მიმართულებით სხვადასხვა საკითხი.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას ხელშესახები შედეგები აქვს.
„ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. საქართველოს რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და მისი მოდერნიზაცია, რათა საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა 15 მილიონიდან 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო და ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო - მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზე, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და „შუა დერეფნის" კონტექსტში ჩართულ ქვეყნებზე.
მინისტრის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.
„აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ უფრო მეტი ტურისტი ამ კონკრეტული ქვეყნიდან", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
„აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ უფრო მეტი ტურისტი ამ კონკრეტული ქვეყნიდან", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
კომისიის სხდომა ერთობლივ პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა.
საქართველოს მხრიდან კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.
უზბეკეთის მხრიდან კი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები.
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წინა სხდომა უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში გაიმართა.