„შუა დერეფნისა“ და ანაკლიის პორტის განვითარება: ხუციშვილი ბანგკოკში შეხვედრებს მართავს

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
ხუციშვილი ტაილანდში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც ბანგკოკში 12-18 ოქტომბრის პერიოდში ტარდება.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. „შუა დერეფნის" განვითარება, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე ენერგეტიკის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ადამიანური კაპიტალის სფეროებში პროექტების დაფინანსების საკითხები განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათთან შეხვედრაზე, იუწყება უწყების პრეს-სამსახური.
ხუციშვილი ტაილანდში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც ბანგკოკში 12-18 ოქტომბრის პერიოდში ტარდება.
ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.
უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები.
„საუბარი შეეხო ენერგეტიკის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის და წყლის სექტორის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.
გარდა ამისა, ტაილანდში ვიზიტის ფარგლებში ხუციშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანისთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს და შემდგომი პერიოდის თანამშრომლის ჩარჩოს შემუშავებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ბანკის მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელობაზე, მათ შორის ანაკლიის პორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ხაზი გაესვა მიმდინარე წლის ივნისში ხელმოწერილი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ მნიშვნელობას შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფისთვის.
პროექტ TC-GATE -ის (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესება) მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტის საქართველოს მონაკვეთის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდა.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლიდანაა. ქვეყანა ორგანიზაციისგან მხარდაჭერას შეღავათიანი კრედიტებისა და ტექნიკური დახმარების სახით იღებს, რაც კვლავ სტრუქტურული რეფორმების გატარებისკენაა მიმართული.
ყველა ახალი ამბავი
0