„ერთად ვლოცულობთ“: როგორ აღადგენს რუსეთში ქართული დიასპორა ქვეყნებს შორის კავშირებს

© courtesy of Davit Tsetskhladzeდავით ცეცხლაძე
დავით ცეცხლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი, სულიერი და კულტურული ინიციატივები, რომლებსაც ხალხებს შორის კავშირების შენარჩუნება შეუძლიათ. ერთ-ერთ ასეთ პროექტად იქცა მასშტაბური მართლმადიდებლური აქცია „ვლოცულობთ ერთად“, რომელიც ორ ქვეყნის ტაძრებს შორის ასობით ხატის გაცვლას ითვალისწინებს.
იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ეს ინიციატივა, რატომ ანიჭებს რუსეთში ქართული დიასპორა ეროვნულ ტრადიციათა შენარჩუნებას უპირატესობას და რა პერსპექტივები არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის, „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში რუსეთის ქართველთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხელაძემ ისაუბრა.
შეხვედრისას მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთისთვის ქართული კომპანიების ნაწარმის მიწოდებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე და განაცხადა, რომ მსგავსი ზომების შემოღების ინიციატივა ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოდიოდა.
სასულიერო დიპლომატია: ლოცვა, როგორც გამაერთიანებელი ძალა
პროექტი „ერთად ვლოცულობთ“ რუსეთში ქართული დიასპორის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. დიასპორა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 40-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს.
ცეცხელაძის თქმით, მასშტაბური სასულიერო-საგანმანათლებლო ინიციატივის იდეა ყოველწლიური ფორუმების „რუსეთის ქართველების“ მსვლელობისას ჩამოყალიბდა. 2026 წლის მაისში რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, თანამემამულეთა მხარდაჭერისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცების საკითხებს განიხილავდნენ.
ამ მუშაობის ერთ-ერთი პრაქტიკული შედეგი რუსეთსა და საქართველოს შორის მართლმადიდებლური ხატების გაცვლის პროექტი გახდა.
„მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიული საქმეა, რომლის აუცილებლობაც მრავალი წლის განმავლობაში მწიფდებოდა. ჩვენს მოქალაქეებს არაერთი სირთულის გადატანა მოუხდათ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პოლიტიკური მერყეობის გამო. გვჯერა, რომ საერთო რწმენასა და ლოცვაზე დაფუძნებული გულწრფელი პროექტები ჩვენს ხალხებს განამტკიცებს და გააერთიანებს“, — განაცხადა ცეცხელაძემ.
ინიციატივის საფუძველი ხატი „ხალხთა მეგობრობა“ გახდა, რომელიც 2018 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა. მასზე გამოსახულია ორი განსაკუთრებით პატივსაცემი მართლმადიდებელი წმინდანი – ღირსი სერაფიმე საროველი და ღირსი გაბრიელ ურგებაძე.
ავტონომიის ხელმძღვანელის თქმით, ქართველი წმინდანი რუს მორწმუნეთა შორის დიდი სიყვარულით სარგებლობს. ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი რუსეთიდან საქართველოში სამთავროს მონასტერს სტუმრობს, რათა მის წმინდა ნაწილებს თაყვანი სცეს.
ხატის შექმნის ინიციატორები მართლმადიდებელი კინემატოგრაფისტებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფი გახდა. მას შემდეგ, რაც სიწმინდე პირველად ჩაიტანეს მოსკოვში, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელმაც უამრავი მორწმუნე შეკრიბა.
ცეცხელაძის თქმით, სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ცალკეული ინიციატივა დიდ საერთაშორისო პროექტად ქცეულიყო.
ასობით ხატი რუსეთისა და საქართველოს ტაძრებისათვის
პროექტის „ერთად ვლოცულობთ“ ფარგლებში, ასობით მართლმადიდებლური ხატის შექმნა იგეგმება, რომლებიც ორ ქვეყანაში არსებულ ტაძრებს გადაეცემა.
პირველი ხატები საქართველოში უკვე დაიწერა. მათი რუსეთის ტაძრებისთვის გადაცემა 2026 წლის ოქტომბერში იგეგმება.
ამასთან, პროექტი ორმხრივ მონაწილეობას ითვალისწინებს. რუსეთში არსებულმა მართლმადიდებლურმა თემებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, დაწერონ ხატები, რომლებიც შემდგომ ქართულ ტაძრებს გადაეცემა.
ცეცხელაძის განმარტებით, ხატების გადაცემას ყოველ ჯერზე სპეციალური ცერემონია მოჰყვება, რომელშიც სასულიერო პირები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ამისთვის ორგანიზატორები რეგიონულ ხელისუფლებებსა და ეპარქიების ხელმძღვანელობასთან ამყარებენ კონტაქტებს, ოფიციალურ მიმართვებს აგზავნიან და ღონისძიებების ჩატარების წესს ათანხმებენ.
ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ხატი გადაეცემა, იქნება კურსკი — ღირსი სერაფიმე საროველის სამშობლო.
„შარშან, როდესაც კურსკში ჰუმანიტარული მისიით ვიმყოფებოდით, კურსკის ოლქის გუბერნატორსა და ადგილობრივი ეპარქიის ხელმძღვანელობას შევხვდით. უკვე მაშინ ვსაუბრობდით ამ ხატზე. მას ძალიან ელოდებიან“, — განაცხადა ცეცხელაძემ.
სიწმინდეების გადაცემა, მათ შორის, იმ ტაძრებისთვისაც იგეგმება, რომლებიც ისტორიულად საქართველოსთან არიან დაკავშირებული. მათ შორისაა მოსკოვის სამრევლოები, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე ტარდება.
თუმცა, ორგანიზატორები პროექტის გეოგრაფიის მხოლოდ ასეთი ტაძრებით შემოფარგვლას არ აპირებენ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ პროექტის გეოგრაფია და წავშალოთ საზღვრები. გვინდა, რომ ადამიანები გაერთიანდნენ, უხაროდეთ და ერთად ილოცონ“, — ხაზგასმით რნიშნა ავტონომიის ხელმძღვანელმა.
შეუძლია თუ არა საეკლესიო კონტაქტებს დიპლომატიის ჩანაცვლება?
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, საეკლესიო და საზოგადოებრივი კავშირების განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.
განხილვის საბაბი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის რუსეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გახდა.
ცეცხელაძის აზრით, ორ ქვეყანას შორის რელიგიურ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ნებისმიერი ფორმა მხარდაჭერას იმსახურებს.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტი „ერთად ვლოცულობთ“ ქართული დიასპორის დამოუკიდებელი ინიციატივაა და საპატრიარქოების დავალებით არ ხორციელდება.
„ჩვენ შეგნებულად არ მიგვიმართავს არც საქართველოს და არც რუსეთის საპატრიარქოსთვის, რათა არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათთვის დამატებითი სირთულეები არ შეგვექმნა“, — განაცხადა მან.
ამასთან, ცეცხელაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური უთანხმოება ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას ხელს არ უნდა უშლიდეს.
მისი თქმით, რუსეთში მცხოვრები ქართველები განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან: ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, თუმცა ისტორიულ სამშობლოსთან ღრმა სულიერ და კულტურულ კავშირს ინარჩუნებენ.
„ჩვენ, რუსეთის ქართველები, რუსეთის ფედერაციის მრავალეროვანი ხალხის განუყოფელი ნაწილი ვართ. მაგრამ ბედმა ორი სამშობლო და ორი ენა გვარგუნა. საქართველო ყოველთვის რჩება ჩვენს გულებში. მისი იქიდან ამოშლა შეუძლებელია“, — განაცხადა ცეცხლაძემ.
ავტონომიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სწორედ საზოგადოებრივ და სულიერ ინიციატივებს შეუძლიათ, დიალოგის შენარჩუნება პოლიტიკური უთანხმოების პერიოდებშიც კი.
„ყველას მოვუწოდებთ, საქართველოდან რუსეთში ჩამოვიდნენ, რუსეთიდან — საქართველოში, დაამყარონ თანამშრომლობა და მაქსიმალური ძალისხმევა გასწიონ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩატეხილი ხიდების აღსადგენად“, — აღნიშნა ცეცხელაძემ.
ქართული ენა, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალება
სასულიერო ინიციატივების გარდა, რუსეთში ქართული დიასპორა მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტსაც ამზადებს — ქართულ ენაზე პირველ კარნახს, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით ადგილას ერთდროულად ჩატარდება.
ცეცხელაძის თქმით, ადგილზე მონაწილეობის მისაღებად რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკვე მომზადებულია 40-ზე მეტი სივრცე.
იმისთვის, რომ პროექტი რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კარნახი ორ ენაზე ჩაატარონ. ამგვარად, მასში მონაწილეობას ისინიც შეძლებენ, ვინც ქართული ენა არ იცის.
დისტანციური მონაწილეობისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია, საჭირო მასალების გაცნობა და კარნახის ონლაინ შესრულება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
მომავალში, ორგანიზატორები აპირებენ, ინტერნეტპლატფორმა საგანმანათლებლო პორტალად აქციონ, რომელიც ქართულ ენასა და რუსულ-ქართულ ლიტერატურას მიეძღვნება.
„მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რადგან ენის შენარჩუნება ადამიანის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ნიშნავს“, — ხაზგასმით განაცხადა ცეცხელაძემ.
მისი შეფასებით, რუსეთში შექმნილია პირობები იმ მრავალი ხალხის კულტურისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, რომლებიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
მაგალითად მან ქართული საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობა მოიყვანა, რომლებიც მშობლიური ენის, ტრადიციებისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციით არიან დაკავებული.
ამასთანავე, ავტონომიის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა თავად საქართველოში ტრადიციული ფასეულობებისადმი დამოკიდებულების ცვლილების გამო.
მისი თქმით, რუსეთში მცხოვრებ ქართულ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს ზოგჯერ ისეთი ვითარება ხვდებათ, როდესაც ზოგიერთი ტრადიცია, რომლის დაცვასაც ისინი მიჩვეულნი არიან, ისტორიულ სამშობლოში უკვე აქტუალურად აღარ მიიჩნევა.
„ვხედავთ, რამდენად ფართოდ გავრცელდა საქართველოში ევროპული და დასავლური სტანდარტები. თუმცა, ეს პროცესი ეროვნული თვითმყოფადობისა და უმნიშვნელოვანესი ტრადიციული ფასეულობების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მიმდინარეობდეს. იმ ფასეულობებისა, რომელთა დასაცავადაც ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ“, — განაცხადა ცეცხლაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0