პარტიების აკრძალვა: მანანა კობახიძეს სარჩელის განხილვიდან განრიდების თაობაზე უარი ეთქვა
17:39 12.10.2026 (განახლებულია: 18:03 12.10.2026)

© photo: Sputnik / Александр Имедашвили
გამოწერა
„ქართული ოცნების“ სარჩელი თავდაპირველად სამ პარტიას ეხებოდა, თუმცა 2026 წლის სექტემბრისთვის სია ხუთ სუბიექტამდე გაიზარდა; გადაწყვეტილების მიღებას ცხრა მოსამართლის ხმათა უმრავლესობა სჭირდება
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, გასულ კვირაში კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.
10 ოქტომბერს საქართველოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვაში ყველა მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას. პლენუმის შემადგენლობაში შედიან რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი.
მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე თვითგანრიდება 9 ოქტომებრს ითხოვა, რის მიზეზადაც დაასახელა წარსულში მის მიერ გაკეთებული ღია და საჯარო მწვავე პოლიტიკური განცხადებები.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მიიჩნევს, რომ სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით".
„საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მანანა კობახიძის მოთხოვნა და უარი უთხრა საქმის განხილვისგან თვითგანრიდებაზე. პლენუმის განცხადებით, "კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკოსის, მათ შორის, პარლამენტის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესების შესაძლებლობას. ასევე, არც ზოგადი პოლიტიკური კრიტიკა არ წარმოადგენს წარსულში პოლიტიკური პირის, როგორც მოსამართლის აცილების წინაპირობას", -აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამასთან, განჩინებას დაერთვება მოსამართლეების, მანანა კობახიძისა და ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პლენუმის შემადგენლობა ასეთია: რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი.
საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 9-თვიანი მაქსიმალური ვადა აქვს განსაზღვრული.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.