ქრისტიანობის 1700 წლის იუბილე: ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის შენობა
ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2026
გამოწერა
მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა, თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.
მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა, თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.
მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700″, ხოლო ჯვრის ქვემოთ – საიუბილეო ციფრი „1700“ სტილიზებული სახით. ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით – ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი „1700“ ოქროსფერია.
მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები: „საქართველო 2026 GEORGIA“.
წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.
საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეფე მირიანის დროს გამოცხადდა. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.
ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0