სებ-მა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის შენობა
ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2026
გამოწერა
სებ-ის ოფიციალური განცხადებით, სანქცირება უკავშირდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის მასშტაბურ დარღვევებს.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“ (BitXchange) რეკორდული თანხით – 572,118,000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ოფიციალური განცხადებით, სანქცირება უკავშირდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობის მასშტაბურ დარღვევებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული დაჯარიმების საქმე ემთხვევა მსხვილ სკანდალს, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს უკავშირდება.
„ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს. ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ.
„ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელობამ პროკურატურასა და სებ-ს წარუდგინა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც ყეინიშვილი, სავარაუდოდ, ჩართული იყო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და საწარმოთა ქსელს საკუთარი ოჯახის წევრებისა და აფილირებული პირების მეშვეობით აკონტროლებდა. კომპანიის მფლობელი სებ-ის საბჭოს წევრს ბიზნესის რეკეტის მცდელობაში ადანაშაულებს.
ეროვნულმა ბანკმა დეტალურად განმარტა შპს „ბიტექსჩეინჯ“-ის დაჯარიმების პროცედურა და ისტორია.
1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობის უხეში დარღვევა
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შპს „ბიტექსჩეინჯის“ (ს/ნ: 404595121) შემოწმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესაფასებლად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572.118, 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება.
„აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი დარღვევები უკავშირდებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნას - პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურება მიეკუთვნება მძიმე დარღვევათა კატეგორიას".
2. აკრძალული და უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციები
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ვირტუალური აქტივის მიმღებ მისამართთან დაკავშირებით საჯარო წყაროებში, მათ შორის, Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით, იძებნებოდა ინფორმაცია აღნიშნული მისამართის Telegram არხის/ჯგუფის მეშვეობით სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების სავარაუდო რეალიზაციასთან შესაძლო კავშირის შესახებ. ამასთან, ტრანზაქციების ინტენსივობის, მსგავსი მახასიათებლებისა და მოცულობის გათვალისწინებით, ანალოგიური ხასიათის ტრანზაქციები ფიქსირდებოდა სხვა ვირტუალური აქტივის მისამართებზეც.
3. ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში
შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში. მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა როგორც სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გადამოწმების სისტემაში, რის გამოც ვერ დასტურდებოდა მომხმარებელთა სათანადო გადამოწმება, ისე საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის სისტემაში. ამასთან, კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარუდგინა ანგარიშგება ორი საეჭვო ოპერაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოპერაციებში იკვეთებოდა საეჭვოობის სხვადასხვა ინდიკატორი.
4. სებ-ისთვის არასწორი და არასრული ინფორმაციის წარდგენა
გარდა ამისა, კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შემოწმების ფარგლებში არასწორი და არასრული ინფორმაცია წარუდგინა. შემოწმების შედეგად ვერ დადასტურდა, რომ კომპანიის პროგრამული სისტემები, ადამიანური რესურსი და შიდა კონტროლის მექანიზმები შეესაბამებოდა მისი საქმიანობის მასშტაბს, ტრანზაქციების მოცულობასა და ვირტუალური აქტივების სექტორისთვის დამახასიათებელ რისკებს.
ეროვნული ბანკი ახორციელებს როგორც წინასწარ დაგეგმილ საზედამხედველო შემოწმებებს, ისე, შესაბამისი რისკის ან გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, არაგეგმურ (ე.წ. ad hoc) ინსპექტირებებს. უწყების ცნობით, 2026 წელს ჯამში 51 საზედამხედველო სუბიექტი შემოწმდა, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“.
ყველა ახალი ამბავი
0