შეაკავებს თუ არა აქციზის შემცირება საწვავის ფასებს საქართველოში: აზრთა სხვადასხვაობა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2026
გამოწერა
საწვავის ფასის ძირითად ნაწილს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების კოტირებები განსაზღვრავს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. შეამცირებს თუ არა აქციზის გადასახადის შემცირება საწვავის ფასებს საქართველოში —ექვსი თვის წინანდელ ნიშნულამდე, საკითხს ბიზნესის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები განიხილავენ.
საწვავზე გლობალური ფასების ზრდამ საქართველოში არსებულ საწვავის ფასებზეც აისახა. არაერთი ექსპერტი და ბიზნესის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მთავრობამ, დასავლური ქვეყნების მაგალითზე, ფასების ზრდის შესაკავებლად ზომები უნდა მიიღოს. ერთ-ერთი შემოთავაზებული ინიციატივა აქციზის გადასახადის შემცირებას გულისხმობს.
როგორ ყალიბდება საწვავის ფასი
საქართველოში საწვავის ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი, ბელგია და აზერბაიჯანი.
საწვავის ფასის ძირითად ნაწილს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების კოტირებები განსაზღვრავს.
2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ნავთობზე მსოფლიო ფასები მაღალ ნიშნულზე რჩება ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო; ნავთობის ბარელის ფასი 100 დოლარს აღემატება. იანვარში კი ეს მაჩვენებელი 65 დოლარზე ნაკლები იყო.
მსოფლიო ფიზიკური ნავთობის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 70–80%) იყიდება არა ფიქსირებული ფასით, არამედ გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომლებიც ითვალისწინებს კონკრეტულ მომწოდებლებთან და რეგიონებთან დაკავშირებულ, ფორმულაზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნას (სააგენტო S&P Global Platts-ის კოტირებების მიხედვით).
ამასთან კოტირებები საშუალოდ მთლიანი ღირებულების 72%-მდე შეადგენს; ამ მაჩვენებლებს ემატება დღგ, აქციზური გადასახადები და კომპანიის საოპერაციო ხარჯები.
ექნება თუ არა ეფექტი აქციზის შემცირებას
„ჩვენი თუნდაც განახევრება აქციზის რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს“, - მიაჩნია ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს.
მისი თქმით, საქართველოს არ გააჩნია ნავთობის ფასზე ზემოქმედების რაიმე რეალური ბერკეტი.
„სამწუხაროდ, არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შევცვალოთ“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეტაპობრივად დამშვიდდეს და ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასები.
იგივე აზრზეა ნავთობიმპორტიორთა კავშირიც. ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელს ვახტანგ იობაშვილს ეჭვი ეპარება, რომ არამდგრადი გლობალური ბაზრებიდან გამომდინარე საწვავზე აქციზის დროებით შემცირებამ შედეგი მოიტანოს.

„გერმანიამ დროებით გააჩერა აქციზი და რა მიიღო საბაზრო ღირებულება ?! რა ღირს გერმანიაში საწვავი, რამე შეღავათი მიიღო მან?! არა. იმიტომ, რომ იმდენად ცვალებადია მსოფლიოში ფასები და არამდგრადია გლობალური ბაზრები, არავინ არ არის იმის "სუვერენი", რომ ეს დიდხანს გასტანს. ჩვენ მიბმული ვართ მსოფლიო გლობალურ სანავთობო ბაზრებზე. რაც იქნება იქ, აქედან ვერ განვსაზღვრავთ ამას”, -აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აქციზის შემცირების საკითხი არც კი განიხილება.
„ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორ გაიზარდა ფასები
ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, ბენზინის ფასი 30%-ით, ხოლო დიზელის ფასი — 54%-ით გაიზარდა.
საწვავზე ფასების ზრდის წილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 2,2 პროცენტული პუნქტი შეადგინა, თავად ინფლაციის დონე უკვე 5,6%-ს შეადგენს, როდესაც მიზნობრივი ანუ პროგნოზირებულ მაჩვენებელი 3 პროცენტი იყო.
ამავდროულად, საწვავზე ფასების ზრდამ სხვა საქონლისა და მომსახურების, მათ შორის ტრანსპორტისა და სურსათის ფასის მატებაც გამოიწვია.
ამჟამად „რეგულარის“ მარკის 1 ლიტრის ბენზინის ფასი 3,95-დან 4,08 ლარამდე მერყეობს, „პრემიუმის“ — 4,25-დან 4,32 ლარამდე, ხოლო „სუპერის“ — 4,4-დან 4,6 ლარამდე. დიზელის საწვავის 1 ლიტრის ფასი 4,93–5,07 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0