ალკოჰოლის ხარისხი საქართველოში: რამდენი დარღვევა გამოვლინდა წლის დასაწყისიდან

© photo: Sputnikქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2026
გამოწერა
სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 45 კომპანიაში 251 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. 2026 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის უზრუნველყოფის, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოში წარმოებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენს.
„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 45 კომპანიაში 251 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. საინსპექციო კონტროლის ფარგლებში აღებული 634 ნიმუშიდან დარღვევა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ 70 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 323 ნიმუშიდან დარღვევა 9 კომპანიის 16 ნიმუშში გამოვლინდა.
გარდა ამისა, სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, 5 კომპანიაში 15 შემოწმება ჩატარდა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
ასევე, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. ჯარიმების საერთო ოდენობამ 25.000 ლარი შეადგინა.
სააგენტოს განცხადებით, ხარისხის კონტროლის სისტემის მიზანია ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის რეპუტაციის შენარჩუნება.
ყველა ახალი ამბავი
0