პრემიერმა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
ტენდერი სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება და გამარჯვებული გახდება ის მხარე, ვინც საუკეთესო პირობებს წარადგენს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის დეკემბერში დაიწყება; ამჟამად განიხილება ინვესტირების სამი შესაძლო მოდელი, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აგვისტოში საქართველომ დაიწყო ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება; 2032 წლიდან აეროპორტი წელიწადში 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს.
„ჩამოსაყალიბებელია საბოლოო პოზიცია, მათ შორის, ჩამოსაყალიბებელია პოზიცია პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, სამივე შესაძლო მოდელი განიხილება ამ ეტაპზე - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელება, ასევე შერეული ფორმატით განხორციელება. კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ბიუჯეტს, პრემიერის თქმით, მშენებლობის დაწყება უშუალოდ დაგეგმილია მომავალი წლის დეკემბრიდან, შესაბამისად მომავალ წელს ხარჯები ასე თუ ისე არ იქნება გაწეული უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ დეკემბერში იქნება პირველადი ხარჯები გათვალისწინებული.
„დანარჩენი გაგრძელდება პროცესები, მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა“, - აღნიშნა მან.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ტენდერი სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება და გამარჯვებული გახდება ის მხარე, ვინც საუკეთესო პირობებს წარადგენს.
„ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობა ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობას აპირებს. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე გაჩნდა, რომელსაც არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება, განაცხადეს მანამდე ხელისუფლებაში.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს. შეთანხმება 2031 წლამდე მოქმედებს. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
ყველა ახალი ამბავი
0