მსოფლიო წესრიგი თვალწინ ინგრევა: შაქარიშვილი საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის როლზე საუბრობს

© courtesy of Vato Shakarashviliვატო შაქარიშვილი
ვატო შაქარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
ვატო შაქარიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ნეიტრალური სტატუსის მხარდაჭერა გლობალური მასშტაბის წამყვანი სახელმწიფოების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ნეიტრალიტეტი შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოს ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო ამ საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული მსჯელობა პოლიტიკური იარლიყებისა და იდეოლოგიური დოგმების ჩარჩოებს უნდა გასცდეს — განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ წლები დაკარგა მცდარი საგარეო პოლიტიკის გატარების გამო, არსებული საერთაშორისო ვითარება კი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების საკითხებისადმი მიდგომების გადაფასებას მოითხოვს. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს ნეიტრალური სტატუსის მხარდაჭერა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ამავდროულად, იგი აღნიშნავს, რომ ნეიტრალიტეტი არ უნდა გახდეს იძულებით გადაწყვეტილებად, კრიზისის დაწყების შემდეგ.
„ხშირად არის აბსოლუტურად არასწორი აღქმა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. გავიგებთ ხოლმე, რომ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ჯარი არის აუცილებელი ნეიტრალიტეტისთვის. სინამდვილეში არის პირიქით. ეს ორივე შედეგია ნეიტრალიტეტის. სამწუხაროდ, წლები დავკარგეთ და არასწორი გზით ვიარეთ, რადგან თუნდაც 10 წლის წინ მსოფლიო ასეთი არ ჩანდა“, - განაცხადა შაქარიშვილმა Imedi LIVE-ის ეთერში.
შაქარიშვილმა შვეიცარიაც მოიყვანა მაგალითად — როგორც ქვეყანა, რომელიც ფართოდ ასოცირდება კეთილდღეობასთან — და მისი წარმატება ნეიტრალიტეტს დაუკავშირა.
ნეიტრალიტეტი საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგში
შაქარიშვილმა ნეიტრალიტეტის საკითხზე დაგეგმილი ფორუმი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან და თვისებრივად ახალ მოვლენად შეაფასა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა ამ თემაზე ფართო საერთაშორისო მონაწილეობით დისკუსიას უმასპინძლებს.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შედგება ასეთი ფორუმი, სადაც იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც პოლიტიკური, ასევე, სამეცნიერო აკადემიური წრეებიდან და წარიმართება პრაგმატული მსჯელობა ნეიტრალიტეტის პერსპექტივებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველოს არცერთ პოლიტიკურ ძალას მანამდე ნეიტრალიტეტის საკითხი ასეთი სისტემური მიდგომით არ განუხილავს. მან ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე მსჯელობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დოგმებსა და ილუზიებში იყო ჩარჩენილი, აღნიშნულმა მოძრაობამ ეს თემა შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა.
შაქარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღარ მუშაობს ისეთი პოლიტიკური იარლიყები, როგორიც არის „რუსეთუმე“, საქართველომ ძალიან ბევრი დრო დაკარგა და ახლა დროა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
„ჩვენ 35 წლის განმავლობაში ბევრი დრო დავკარგეთ. როგორც კი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ პირველივე დღეებიდან ისე აგვირიეს თავგზა, რომ არაერთხელ გადავიჩეხეთ ამ წლების განმავლობაში. გადავიტანეთ ომები, დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ მსხვერპლი და დღესაც იმ მსოფლიო წესრიგის კუთვნილებად რჩება ჩვენი საგარეო პრიორიტეტები ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და ინგრევა“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ფორუმი თბილისში
თბილისში 5-6 ნოემბერს გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „საქართველო – მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის პერსპექტივებს მიეძღვნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ათზე მეტი სპიკერი მსოფლიოს რვა ქვეყნიდან, რომლებიც აკადემიურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენენ.
ღონისძიების ორგანიზატორია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. ფორუმის თანაორგანიზატორია პასკალ ლოტაზი — „ნეიტრალიტეტის კვლევების ცენტრის“ (Neutrality Studies) დამფუძნებელი და კიოტოს უნივერსიტეტის შვეიცარიელი პროფესორი.
ყველა ახალი ამბავი
0