ევროპარლამენტი საინტერესო არ არის: პრემიერი საქართველოს შესახებ რეზოლუციას გამოეხმაურა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
რეზოლუციის ავტორები ევროკავშირს მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის დასანქცირებისკენ და მოითხოვენ დაკავებული ოპოზიციონერების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციები და დებატები ქართულ საზოგადოებაში ინტერესს აღარ იწვევს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 ოქტომბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას.
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები შედგა. მეორე დღეს კი მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, რომელიც მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.
“საზოგადოებამ ისწავლა, რომ ევროპარლამენტის არც დებატებს და არც დოკუმენტებს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება. ეს ინსტიტუცია იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაესს საბჭოს, რომ საერთოდ არ არის საინტერესო“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა შეხვედრებზე ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოუწოდებენ ქართულ მხარეს, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ევროპარლამენტს.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუციების შინაარსი და ევროპარლამენტში გამართული დებატები ართულებს აღნიშნული ინსტიტუტის საქმიანობის პოზიტიურ ჭრილში აღქმას. მან მისი ამჟამინდელი მდგომარეობა შეადარა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს და განაცხადა, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე პერიოდს გადის.
„მგონი, უზენაესი საბჭო უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში, ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, დოკუმენტები“, - აღნიშნა პრემიერმა.
რა წერია რეზოლუციაში
რეზოლუციის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა.
ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ“. ამასთან ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას „თვითგამოცხადებულს“ უწოდებს.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.
რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს:
ევროდეპუტატები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ვითარება პროგრესულად უარესდება, კიდევ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მეტად შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან.
ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მთელი რიგი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის შეტანა „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით.
ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზებით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია.
ამასთან, რეზოლუციის ავტორები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააუქმოს კანონები აქციების ჩატარების წესების გამკაცრების და უცხოური დაფინანსების კონტროლის შესახებ.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ“.
ყველა ახალი ამბავი
0