რეკორდული და ხარისხიანი: 2026 წლის რთველის მთავარი მახასიათებლები

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის რთველი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული იქნება, თავად ყურძენი კი — საუკეთესო ხარისხის, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
„წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი გვექნება, ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანთან ასოცირებული“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
მისი თქმით, გასულ წლებში, რაც მეტ ყურძენს მოიყვანდა მევენახე, მეტ შემოსავალს იღებდა და მას არ ჰქონდა ინტერესი, ეწარმოებინა ხარისხიანი ყურძენი.
„არ შეიძლება, რომ ქართული ღვინო გათვლილი იყოს რაოდენობაზე და ეს თითოეულმა მევენახემ და მეღვინემ არაჩვეულებრივად იცის. მეღვინეობის დარგის რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - ვაწარმოოთ ხარისხიანი ყურძენი, რომლის საზომიც არის შაქრიანობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია, ხოლო მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს.
„რთველის საკოორდინაციო შტაბი და ღვინის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით“,- აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნის გარეშე - ხარისხიანი ღვინო იბადება ვენახში.
„სწორედ ამას ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების სისტემის დანერგვა, რაც მევენახეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ ყურძნის ხარისხზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
9 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 219,5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, ამ ეტაპისთვის მოსავალი 15 ათასამდე მევენახემ დააბინავა. გადამუშავებული მთელი მოსავლის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა (217.847 ტონა) და მხოლოდ 0,7%-ია (1.678 )უხარისხო და მკვახე.
სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
მაღალკონდიციური "საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, ფასი - 1,50 ლარია; არაკონდიციური "საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა16%-დან 20%-მდეა - 1,00 ლარი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0,50 თეთრი.
"რქაწითელის" და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 0,90 ლარი, 16%-ზე ნაკლები - 0,50 თეთრი.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
2025 წელს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 145,7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 241 მლნ ლარი დახარჯა.
ყველა ახალი ამბავი
0