ტანას აღკვეთილში 150 ფრთა კაკაბი და 150 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს

© photo: Sputnikჩიტები
ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადასცა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილში, ველურ ბუნებაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრინველების ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა. კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადასცა.
"ღონისძიების მიზანია გნოლისა და კაკბის პოპულაციების გამრავლება, მათი ბუნებრივ გარემოში გავრცელება და ველური ფაუნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.
კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები. კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც, ხოლო გნოლი საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს, ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მეტრამდე.
2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.
მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0