საქართველომ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების ხელშეკრულება 20-წლიანი ვადით გაახანგრძლივა

© photo : SOCARკომპრესორული სადგური
კომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შედეგად, 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ შეთანხმება 2003 წლიდან მოქმედებს და მისი ვადა 2026 წელს იწურებოდა. მაისში მხარეებმა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადეს.
“ეს იყო მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მოლაპარაკებები ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან, რომელთანაც ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს მივაღწიეთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ გენადი არველაძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.
სამთავრობოთაშორისი შეთანხმება ასევე მოიცავდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Operation LLC-თან.
ხელშეკრულებით განსაზღვრულია აღნიშნული მილსადენის არამარტო ფუნქციონირების და სატრანზიტო მარშრუტის შენარჩუნება, არამედ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ოპერირების საკითხი.
„როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მილსადენი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ოპერირებდა, შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ოპერირებას გააგრძელებს, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს”, – აცხადებს არველაძე.
ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ღონისძიებათა ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს და განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ყველა ახალი ამბავი
0