„სამარცხვინო სურათი“ — „ოცნება“ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
დავით მათიკაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ვერ მოახდენს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები სამარცხვინო სანახაობა იყო, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიმართ წაყენებული ბრალდებები — თითიდან გამოწოვილი თავდასხმაა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში 7 ოქტომბერს, თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა კვლავ მოითხოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური აქტივისტების გათავისუფლება, ასევე — საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. 8 ოქტომბერს დაგეგმილია კენჭისყრა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას ეხება.
„როგორც ჩანს, იმის რესურსიც კი არ ეყოთ ანტიქართულ ძალებს, რომ საკუთარი კოლეგები დაერწმუნებინათ და დარბაზში შემოეყვანათ, სურათი მაინც შეექმნათ, რომ ვინმეს აინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ ეს ყოვლად უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი თავდასხმა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას მსგავსი ბრალდებები ბევრჯერ სმენია და ამას „ჩალის ფასი აქვს“. დეპუტატის აზრით, რაც უფრო მეტად დარწმუნდებიან მოქალაქეები, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა, მით უფრო მკაცრ პასუხს გასცემენ ისინი არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში.
მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იქ იყვნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებმაც პირდაპირ მიუთითეს რომ საქართველოს კრიტიკა უსაფუძვლოა და ქვეყნის განვითარება წინ მიდის.
„მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, საქართველო მიდის წინ და იმ ორ ქვეყანას – მოლდოვას, უკრაინას – საქართველო ათასჯერ უსწრებს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ხელისუფლების კრიტიკოს ევროდეპუტატებს არ აინტერესებთ ეს არგუმენტები, „რადგან მათი მიზანი სწორედ ჩვენი ქვეყნის დაზიანებაა“.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში გაჟღერებული მოთხოვნები საქართველოში არსებული რეალური ვითარების დანახვაზე უარის თქმას მოწმობს.
მისი თქმით, ევროპელი დეპუტატები კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს,
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია თავად აღმოჩნდა პოლიტიკური პროცესების მიღმა, როდესაც უცხოელი მხარდამჭერების დავალებით პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა.
„ნაცვლად იმისა, რომ ამის გამო სინანული დაგვანახონ, ჩვენ გვადანაშაულებენ ოპოზიციის უსუსურობაში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. მისი თქმით, პროცესი საჯარო იქნება, ხელისუფლების პოზიცია კი ფაქტებსა და მტკიცებულებებს ეფუძნება.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ძალები ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, ამ ვითარებას პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობას უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0