რთველი-2026: კახეთში 200 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
ამ დროისთვის კახეთში ყურძნის მოსავალი 14 300-მდე მევენახემ დააბინავა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. 8 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 206 540 ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული "ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
ამ დროისთვის კახეთში ყურძნის მოსავალი 14.300-მდე მევენახემ დააბინავა. გადამუშავებული ყურძნის 99,2% - 204.885 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 0,8% - 1.655 ტონაა უხარისხო და მკვახე.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
მაღალკონდიციური "საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, ფასი - 1,50 ლარია; არაკონდიციური "საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა16%-დან 20%-მდეა - 1,00 ლარი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0,50 თეთრი.
"რქაწითელის" და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 0,90 ლარი, 16%-ზე ნაკლები - 0,50 თეთრი.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0