საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა

© courtesy of Georgian post„საქართველოს ფოსტის“ საფოსტო ყუთი
„საქართველოს ფოსტის“ საფოსტო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
მედიის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან სამართალდამცველები კომპანიას.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში" შევიდა, იუწყება გამოცემა bm.ge.
უწყების პრესსამსახურში მედიას მხოლოდ ის აცნობეს, რომ "გამოძიება მიმდინარეობს". ამ ეტაპზე ასევე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
გუშინ, 7 ოქტომბერს, "საქართველოს ფოსტასთან" დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი იქნება პირველი, როდესაც ფოსტა მოგებაზე გავა. კობახიძის განცხადებითვე, ეს "კონკრეტული ცვლილებების" შედეგია. "რიგი სერვისები შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი, ეს კომპანიები კი "კორუფციის კარგი საშუალება იყო", -აღნიშნა პრემიერმა.
"საქართველოს ფისტა" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100%-იანი მესაკუთრე სახელმწიფოა. კომპანია ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო საფოსტო, საკურიერო და ამანათების გადაზიდვის სერვისებს.
bm.ge -ს ცნობით, "საქართველოს ფოსტის" ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2025 წელი 8,6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. 2025 წელს კომპანიის ამონაგებმა 82,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3,5%-ით ნაკლებია. შემოსავლების შემცირების ძირითადი მიზეზი საფოსტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 55,8 მლნ-დან 52,3 მლნ ლარამდე კლება იყო. ამავე პერიოდში გადაზიდვებისა და საამანათო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 29,3 მლნ-დან 29,7 მლნ ლარამდე გაიზარდა.
2025 წელს კომპანიის პერსონალზე გაწეული ხარჯი 39,7 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 4 მლნ ლარით მეტია. წლის ბოლოს "საქართველოს ფოსტის" აქტივების მოცულობა 92,7 მლნ ლარი, საკუთარი კაპიტალი 71,2 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 21,4 მლნ ლარი იყო. დაგროვილმა ზარალმა 20,6 მლნ ლარს მიაღწია.
პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის შედეგი ამ მაჩვენებლების ფონზე პირველად უნდა გადავიდეს მოგების ზონაში.
ყველა ახალი ამბავი
0