ბოჭორიშვილი: საქართველო ეუთო-ს თავმჯდომარეობის რეალურ კანდიდატად რჩება

© MFA of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
საქართველოს კანდიდატურის დამტკიცებას ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს კვიპროსის განაცხადს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე; თუმცა, ვინაიდან ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, საქართველო მეორე კანდიდატად რჩება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველომ შეიტანა ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობაზე განაცხადი, თუმცა კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ რეალურად ჩვენი კანდიდატურის ოფიციალურად პრეზენტაცია, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელია, კონსენსუსის მიღწევის რაიმე შანსიც არსებობდეს. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, არის საქართველო და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, როდესაც კვიპროსმა თავისი კანდიდატურა წარადგინა, საქართველომ მას მხარი დაუჭირა, თუმცა გასულ წელს ეუთო-ს მინისტერიალზე კვიპროსის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამას თურქეთის პოზიციამ შეუსალა ხელი.
მისი თქმით, საქართველომ პირველად შეიტანა განაცხადი ეუთოს თავმჯდომარეობაზე მას შემდეგ, რაც არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როდესაც საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსია არის ორგანიზაციის ფარგლებში.
„საქართველოც არის ისეთივე სრულფასოვანი მონაწილე ქვეყანა, როგორც სხვები და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ეუთო-ს თავმჯდომარე“,– განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა შვეიცარიაა. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო მალე მიიღებს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მასთან ერთად თავმჯდომარეობის საკითხს განიხილავს. ეუთოს მომავალი თავმჯდომარის ასარჩევად კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0