ჩხაიძე: საქართველოში 200 ათასი დოზა გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
ექიმები გრიპის აქტიურობის პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში ელოდებიან.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წელს საქართველოში დაახლოებით 200 ათასი დოზა, სამკომპონენტიანი, განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელსაც მოსახლეობა უფასოდ მიიღებს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და ოქტომბრის დასაწყისში იწყება. გასულ წელს, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ჩხაიძის თქმით, წელს ვაქცინის შემადგენლობა სრულად შეცვლილი და განახლებულია, რომელიც მოიცავს გრიპის A ტიპის ორ შტამს (მისურის და დარვინის შტამები) და B ტიპის (ტოკიოს შტამი) ერთ შტამს.
„წელს, ვაქცინის შემადგენლობა 100%-ით განახლებულია. სამკომპონენტიანი ვაქცინა ნიშნავს, რომ ჩვენ წელს გვექნება შესაძლებლობა მოსახლეობას შევთავაზოთ გრიპის საწინააღმდეგო დაცვა და ამ ვაქცინაში შევა 2 A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ერთი B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს A გრიპის მისურის შტამი, A ტიპის დარვინის შტამი და ტოკიოს შტამი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, წელს გრიპის აქტიურობის პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
„მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება იმ სტატისტიკის ფარგლებში, რაზეც მრავალწლიანი მონაცემები მიუთითებს. ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი, შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი", - განაცხადა ჩხაიძემ.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით - ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი წილი რინოვირუსზე მოდის. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 60% რინოვირუსით არის განპირობებული. ასევე ფიქსირდება ე.წ. ძველი კორონავირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი. ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში, სტაბილურად ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებიც.
საქართველოში გრიპის სეზონი, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.
ყველა ახალი ამბავი
0