თბილისში საცობების განმუხტვის მიზნით გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box მოეწყობა

© photo: Sputnik / Stringerე.წ.პიკის საათი - ტრანსპორტი
ე.წ.პიკის საათი - ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
ბოლო წლებში თბილისში კერძო ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და პიკის საათებში ქალაქში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის, ე.წ. Yellow box-ის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ე.წ. Yellow box არის გზაჯვარედინზე დახაზული ყვითელი გადამკვეთი ხაზების ბადე, რომელიც მძღოლებს მიუთითებს, რომ ამ ზონაში გაჩერება აკრძალულია. მისი მთავარი მიზანია თავიდან აიცილოს გზაჯვარედინის ჩაკეტვა და საცობების წარმოქმნა.
თბილისის მერის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.
„არის შემთხვევები, როცა გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა.“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ბოლო წლებში თბილისში კერძო ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და სტატისტიკის თანახმად, პიკის საათებში ქალაქში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება.
მისი თქმით, მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაწყებულია მთელი რიგი ღონისძიებები – „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვა, კონკერტული პრობლემური არეალების მოწესრიგება, ასევე საგზაო კვადრატების ქსელის შექმნა და ა.შ.
თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და ასევე განტვირთვოს ქალაქი საცობებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0