რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის ცხრა თვეში გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7 ათასამდე ფაქტი.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ყოველდღიურად ახორციელებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
სექტემბერში ყველაზე მეტი - 430 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 173 – ქუთაისში, 87 – ბათუმში, 61 კი – რუსთავში.
649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 102 შემთხვევაში კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. 425 სამართალდარღვევა – მსუბუქი ავტომობილების, 306 – მიკროავტობუსების, 18 სატვირთო ავტომობილების, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
უწყების ცნობით, კონტროლის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება.
დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა. შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6.856 ფაქტი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით უმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
ყველა ახალი ამბავი
0