კალაძე: დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
კალაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
„პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია შერჩეულ იქნა EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად.
მისი თქმით, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია. პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო ეტაპი დაიწყება. სისტემის ამოქმედების შემდეგ, პოლიგონი ეტაპობრივად გაიწმინდება დაგროვილი ნაჟური წყლებისგან, ხოლო ახალი ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად, სპეციალური ფილტრების მეშვეობით გაიწმინდება.
„კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, – აღნიშნა კალაძემ.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის საპროექტო-სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია მერიამ ტენდერის გზით ჯერ კიდევ შარშან გამოავლინა. 2025 წლის ივლისში გახდა ცნობილი, რომ სამუშაოებს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.
მერიის ცნობით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ სამუშაოებს ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად შეასრულებს. კომპანიის ამოცანაა ლილოს ნაგავსაყრელზე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ობიექტის ორგანიზება. პროექტის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა.
ადრე თბილისის მერმა განაცხადა, რომ დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება მასალების გადამუშავების ქარხნისა და მექანიკურ-ბიოლოგიური გადამუშავების ქარხნის აშენება, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციის დაწყების საფუძველი გახდება.
გარდა ამისა, აღნიშნულ პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას.
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. მათ არაერთხელ მოაწყვეს პიკეტები და გადაკეტეს გზა ნაგვის მანქანებისთვის და ნაგავსაყრელამდე არ უშვებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა და ნაგავსაყრელისთვის ახალ ადგილს მოძებნიდა.
თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი იგზავნება ქალაქის ერთადერთ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე სოფელ დიდი ლილოს მიმდებარედ. მან ფუნქციონირება 2010 წელს, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაკეტილია, სამგორის რაიონისა და სოფელ ლილოს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.
ყველა ახალი ამბავი
0