„ისწავლე და დასაქმდი“: პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება

© Sputnik / Levan Avlabreliპროფსასწავლებელი
პროფსასწავლებელი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების სწავლება მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერია იწყებს პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპს და პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროფესიული გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია პორტალზე www.dasakmdi.ge 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს.
„ჩვენ მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად მიმდინარეობს კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე – ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.
„პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე – მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელიდან დღემდე 15 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგანაც 75% დასაქმებულია.
ყველა ახალი ამბავი
0