რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით - ახალი ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringer„ბაზარი ორბელიანზე"
„ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის 8 თვეში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 102 %-ით არის გაზრდილი
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 9 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (GCCA) 2013 განაცხადი დაფიქსირდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.
უწყების ინფორმაციით, შემოსული ზარების რაოდენობამ 6.250 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 303.463 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე - 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე - 245.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19 %.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ყველა ახალი ამბავი
0