სპიკერი: საქართველოს პირდაპირი კავშირი უნდა ჰქონდეს გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებთან

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2026
გამოწერა
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის პოზიციის ინფორმირებისთვის საქართველოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტები გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ტანზანიაში 5 ოქტომბერს გაემგავრა.
„უკეთესია გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს. საქართველოს საელჩოები ყველა ქვეყანას ვერ ფარავს. შესაბამისად, ეს კონფერენცია მოგვცემს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში ვიხილოთ სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვესაუბროთ მათ და ამ კონტექსტში გავავრცელოთ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარლამენტების გაერთიანებას წარმოადგენს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
„შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ასევე ორმხრივი შეხვედრები იქნება ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციასთან. ეს ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარლამენტების გაერთიანებას წარმოადგენს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა 2026 წლის 5- 9 ოქტომბერს ტანზანიაში, ქალაქ არუშაში იმართება. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია ტანზანიის ეროვნული ასამბლეა (Bunge la Tanzania). მასში მონაწილეობს 180-ზე მეტი წევრი ქვეყნის ასობით კანონმდებელი და დელეგატი. წელს ასამბლეის მთავარი თემაა „კარგი მმართველობის გაძლიერება და თემების გაძლიერება ინკლუზიურობის, ნდობისა და ყველასთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გზით.“
ყველა ახალი ამბავი
0