მერია: ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
პროექტი, რომლის ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა და ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა, იუწყება თბილისის მერია.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურაზე არსებული ძველი, სამმალიანი ლითონის ხიდი (რომლის სიგრძე 64 მეტრი იყო) უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ექსპერტიზის დასკვნით რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ამიტომაც განხორციელდა მისი სრული დემონტაჟი - სამშენებლო არეალში 15 აპრილის 24:00 საათიდან 5 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში. ეს არის ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დიღმურაზე. აღნიშნულ პროექტს რეაბილიტაციას ვერ დავარქმევ, რადგან ფაქტობრივად, არსებული ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ახალი რკინაბეტონის ხიდი აშენდა, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებულია“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი, რომელიც წინა ხიდის შემთხვევაში არ არსებობდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, ხიდი დაიხაზა და მისი გამოყენება დღეიდან უკვე შესაძლებელია.
„ამ პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული დისკომფორტი, რადგან მოძრაობა შეზღუდული იყო და სამუშაოების დროს გადაადგილება ფერხდებოდა, თუმცა დღეიდან მოსახლებას აქვს საშუალება, აღნიშნული ხიდი გამოიყენოს“, - აღნიშნა მერმა.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საჰაერო სადენები განთავსდა მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები.
პროექტი, რომლის ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საავტომობილო ხიდი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი ხდებოდა.
მერიამ დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ 2024 წელს შეაჩერა იმის გამო, რომ ხიდის საინჟინრო პარამეტრები დატვირთვას ვერ პასუხობდა. ძველი ხიდის დემონტაჟი და ახალი გადასასვლელის მშენებლობა 2025 წელს იგეგმებოდა. მერიამ ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვის ტენდერიც კი გამოაცხადა, თუმცა, მაშინ ის შეჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0