უკრაინის მოქალაქეები უფასო სამედიცინო სერვისებით 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ისარგებლებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მიიღებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე გაცემული 300-ლარიანი და თითოეულ პირზე 45-ლარიანი ყოველთვიური დახმარების ვადაც.
მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.
უწყებაში ასევე განმარტეს, რომ საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა ფიზიკურმა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
მიმდინარე წლის აპრილში, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე გაცემული 300-ლარიანი და თითოეულ პირზე 45-ლარიანი ყოველთვიური დახმარების ვადა 2026 წლის 1-ელ ივლისამდე გაახანგრძლივა.
მანამდე კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით, 2027 წლის 24 თებერვლამდე გაუხანგრძლივდათ.
რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0