საქართველოს საპენსიო ფონდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ჯილდოს მინიჭებისას Wealth & Finance International-მა ხაზი გაუსვა ფონდის ძლიერ საინვესტიციო შედეგებს, აცხადებენ საპენსიო ფონდში/
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანულმა ფინანსურმა გამოცემა Wealth & Finance International-მა საქართველოს საპენსიო ფონდი საერთაშორისო Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა და ჯილდო - Excellence in Pension Fund Investment Performance 2026 - Europe მიანიჭა, ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Wealth & Finance International ბრიტანული ფინანსური გამოცემაა, რომელიც საინვესტიციო, ფინანსურ და აქტივების მართვის სექტორებს აშუქებს. Investment Excellence Awards ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურ ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს და მათ საინვესტიციო საქმიანობისა და მიღწევების მიხედვით გამოარჩევს.
„ეს ჯილდო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და იმ დისციპლინირებული მიდგომის შედეგია, რომლითაც მონაწილეთა საპენსიო დანაზოგებს ვმართავთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა საპენსიო აქტივების დაცვა და მათი გრძელვადიანი ზრდა. შესაბამისად, თითოეულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას მკაფიოდ განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის, რისკის მართვის ჩარჩოსა და მაღალი სტანდარტების ფარგლებში ვიღებთ“, - განაცხადა საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ.
დღეს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10 მლრდ ლარს აღემატება, ხოლო საინვესტიციო საქმიანობით მიღებული ჯამური სარგებელი 3 მლრდ ლარზე მეტია. ფონდის საინვესტიციო შედეგები საერთაშორისო შედარებითაც გამოირჩევა. OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამიკური პორტფელი, რომლის რეალურმა ამონაგებმა 10,8% შეადგინა და ამ მაჩვენებლით მე-4 ადგილი დაიკავა.
უწყების ცნობით, საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ჯილდოს მინიჭებისას Wealth & Finance International-მა ხაზი გაუსვა ფონდის ძლიერ საინვესტიციო შედეგებს, პორტფელის დისციპლინირებულ მართვას, გამართულ მმართველობით ჩარჩოსა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში შეტანილ წვლილს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
2026 წლის სექტემბერში საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა. აქედან, 7.0 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3.0 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.
საპენსიო ფონდი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფუნქციონირებს. არსებობის მანძილზე, კუმულაციურმა ნომინალურმა ამონაგებმა 113.8% შეადგინა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა ამონაგებმა 40.5%-ს მიაღწია. გაწლიურებული მაჩვენებლები, შესაბამისად, 10.4% და 4.5%-ია. რეალური ამონაგებით (ინფლაციის გათვალისწინებით). ამ მაჩვენებლით, საქართველოს საპენსიო ფონდი OECD-ის ქვეყნებს შორის მე-4 ადგილზეა.
საქართველოს საპენსიო ფონდი სამ განსხვავებული რისკიანობის პორტფელს მართავს, რომელთა არჩევაც, მონაწილეს სურვილისამებრ შეუძლია. დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) პორტფელები 2023 წლის აგვისტოში შეიქმნა. მათი შექმნის დღიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით სამივე პორტფელის მომგებიანობა საკმაოდ მაღალია.
ყველა ახალი ამბავი
0