პრემიერი: საქართველოს სკოლებში უამრავი სერიოზული პრობლემაა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის პირველი გიმნაზია
თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
კობახიძის თქმით, სკოლების უმრავლეს ნაწილში - 90%-ზე ბევრად მეტში - მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში უამრავი სერიოზული პრობლემაა და ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
2026 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო სისტემის მასშტაბურ რეფორმას. მთავარი ცვლილება 12-წლიანი განათლების ნაცვლად 11-წლიან სწავლებაზე გადასვლაა (მე-12 კლასი ნებაყოფლობითი იქნება). სასკოლო სასწავლო გეგმა 10 წელიწადს მოიცავს, 2027-2028 სასწავლო წლიდან კი მე-11 კლასი რეპეტიტორიუმის პროგრამად გადაიქცევა, რომელიც შერჩეულ საგნებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას მიეძღვნება.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ არაფრის კეთებით შეიძლება რამე გაუმჯობესდეს. რეალურად, არის უამრავი სერიოზული პრობლემა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე განმარტა სკოლებში 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სკოლების უმრავლესობაში მე-12 კლასი იყო ფიქტიური, რადგან მოსწავლეები რეალურად სკოლაში არ დადიოდნენ.
„სკოლების უდიდეს უმრავლესობაში - 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში. ეს იყო რეალური მოცემულობა სკოლების უდიდეს უმრავლესობაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებასთან დაკავშირებით იმის გათვლით, რომ მათ შორის, ბევრი ზედმეტი საგანი იყო, ბევრი ზედმეტი სახელმძღვანელო და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მე-11 კლასისთვის დაგეგმილია ახალი სასწავლო გეგმა და შესაბამისი სახელმძღვანელოები, მათ შორის, მისაღები გამოცდებისთვის მომზადება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება მზადაა რეფორმა სხვადასხვა ფორმატში განიხილოს და უკვე განხორციელებულ რეფორმებში ცვლილებებიც კი შეიტანოს. ინიციატივებს შორის მან ერთიანი სახელმძღვანელოს გამოყენების იდეა გამოყო, რომელსაც პირადად უჭერს მხარს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სკოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მანდატურის სამსახურის შენარჩუნების აუცილებლობას.
ყველა ახალი ამბავი
0