კობახიძე: საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცები მშრალ ხიდზე
მამაკაცები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
ბოლო 2 წელია უარყოფითი მიგრაციული სალდო დადებითი გახდა - იმაზე მეტი მოქალაქე ბრუნდება საქართველოში, ვიდრე გადის, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 4 ოქტ — Sputnik. საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რაოდენობა 2012 წლის შემდეგ, როდესაც მაჩვენებელი იყო 1,12 მილიონი, დღეისათვის 280 ათასამდე შემცირდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 7,1% იმყოფებოდა, რაც 2,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით.
„თუ 1,12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, წელს ეს მაჩვენებელი არის 280 ათასი. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 4-წლიან პერსპექტივაში გავანულოთ სიღარიბე. ის 280 ათასი ადამიანიც, რომელიც დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, დააღწევს თავს სიღარიბეს“, -განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა უმუშევრობის დონის შემცირება 2012 წლის 26,7%-დან 13,9%-მდე.
მისი თქმით, დოლარში გამოსახული საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის 16 მლრდ დოლარიდან გაიზარდა და მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაახლოებით 43 მლრდ დოლარს მიაღწევს. საშუალო ხელფასი, პრემიერის მონაცემებით, 2012 წლის 712,5 ლარიდან ახლა 2 283 ლარამდე გაიზარდა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი წელია საქართველოს მოქალაქეებს შორის მიგრაციული სალდო დადებითი გახდა: უფრო მეტი მოქალაქე ბრუნდება ქვეყანაში, ვიდრე გადის.
„ეკონომიკური ზრდა არის ამის მთავარი განმაპირობებელი. ჩვენ თუ გავაგრძელეთ ამ ტემპით ეკონომიკის განვითარება, ამ შემთხვევაში მიგრაციის კუთხითაც გვექნება სრულიად სხვა მაჩვენებლები და ყველა სხვა მიმართულებით გვექნება მუდმივი პროგრესი, ევროინტეგრაციის მიმართულებითაც უფრო ძლიერი პოზიციები გვექნება და ა.შ. ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, თუ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს განვიხილავთ, ანუ უცხოელების გამოკლებით, ქვეყანაში მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის.
მანამდე მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა — საქართველოში სიღარიბის სრული აღმოფხვრაა.
ყველა ახალი ამბავი
0