ძიუდო: ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

© European Judo Unionსაქართველოს ძიუდოს ნაკრები
საქართველოს ძიუდოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალურ ასპარეზობებში 4 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს მძიმეწონოსანი ძიუდოისტების გამოსვლით დასრულდება. 11 ოქტომბერს გუნდური ასპარეზობა შედგება.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და იმ ქართველი სპორტსმენების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა, რომლებიც პლანეტის პირველობაზე 4-10 ოქტომბრის ჩათვლით იასპარეზებენ.
ჩემპიონატში 90-ზე მეტი ქვეყნის 622 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე საქართველოს ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს – 9 მამაკაცი და 4 ქალი.
მამაკაცები:
60 კგ წონით კატეგორია: 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გიორგი სარდალიშვილის მეტოქე მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელი იცხაკ აშპიზი იქნება. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველს C ბადეში პოტენციურ მეტოქედ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა ეყოლება.
66 კგ წონით კატეგორია: ვაჟა მარგველაშვილის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი იმრანოვი იქნება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი, იგი რუს აბდულაევს დაუპირისპირდება, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალია.
73 კგ წონით კატეგორია: ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე კოსოვოელ და ირლანდიელ ძიუდოისტებს შორის გამოვლინდება. სარდალიშვილის მსგავსად, მასაც ბადეში იაპონელი მეტოქე ჰყავს – 22 წლის ტანაკა, რომელიც იუნიორთა შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია.
81 კგ წონით კატეგორია: მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე ბულგარელ და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს შორის გაირკვევა. ქართველი ძიუდოისტი, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ფინალამდე არ შეხვდება არც თავის პრინციპულ მეტოქეს, მატიას კასეს და არც იაპონელ ოინოს.
90 კგ წონით კატეგორია: საქართველოს მსოფლიო პირველობაზე ორი წარმომადგენელი ეყოლება – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაური პირველ წრეში კორეელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურნირის მერვედფინალშივე ლაშას პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა. ლუკა მაისურაძე პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ან რუს ანდონის, ან სერბ რუტოვიჩს შეხვდება. ქართველები, წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.
100 კგ წონით კატეგორია: ილია სულამანიძის მეტოქე მეორე წრეში უნგრელ და ტაჯიკ სპორტსმენებს შორის გამართულ შეხვედრაში გამოვლინდება. სულამანიძეს, განთესვიდან და წილისყრიდან გამომდინარე, კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრები ორი მძიმეწონოსნით შეეცდება მედლების მოპოვებას. მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, რომელიც 2018 წელს ბაქოში გახდა ტურნირის გამარჯვებული, წელსაც შეეცდება იმ შედეგის გამეორებას. მისი პირველი მეტოქე მონღოლი ოდხუ იქნება, მერვედფინალში კი, სავარაუდოდ, რუს ენდოვიცკისთან მოუწევს ორთაბრძოლა. ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი გამოცდილ უზბეკ ტურობოევს შეხვდება.
ქალები:
57 კგ წონითი კატეგორია: მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, წონის ლიდერი და ოქროს მედლის მოპოვების უმთავრესი კანდიდატი, ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას ურუგვაელ ლეოპოლდთან გამართავს. ამავე წონაში გამოვა კიდევ ერთი ქართველი, ნინო ლოლაძე, რომლის მეტოქეც იაპონელი ომორი იქნება.
70 კგ წონითი კატეგორია: ნინო გულბანი ჩინელ ფენს დაუპირისპირდება, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კი რუს ივანოვას შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალურ ასპარეზობებში 4 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს მძიმეწონოსანი ძიუდოისტების გამოსვლით დასრულდება. 11 ოქტომბერს გუნდური ასპარეზობა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის რანგში ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.
მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის თითო წონით კატეგორიაში გათამაშდება.
ყველა ახალი ამბავი
0